აგენტი თუ ფეხბურთელი? ვისი ბრალია, რომ ქართველი კარგ ევროპულ კლუბში ვეღარ ხვდება

image
loading...
ერთხელ თემურ ქეცბაიამ იხუმრა, უმენეჯეროდ კვიპროსიდან ინგლისში გადავედი, მენეჯერმა კი კვიპროსში დამაბრუნაო...

საფეხბურთო აგენტები - საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა. სატრანსფერო ბაზარი უზარმაზარი თანხების სამყაროა, სადაც უცებ შეიძლება გამდიდრება და გაკოტრება, სადაც "გადაგდება", "შავი ფული" და სიბინძურე ჩვეულებრივი ამბავია. სამწუხაროა, თუმცა მსგავსი შემთხვევები ხშირია ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერებთან მიმართებაში.

თუმცა, დღეს სულ სხვა რამეზე ვაპირებთ საუბარს - აქტუალურ საკითხზე, რატომ ვეღარ გადადიან ქართველი ფეხბურთელები კარგ ევროპულ კლუბებში? ვისი ან რისი ბრალია ეს ყველაფერი - ფეხბურთელების, აგენტების თუ კიდევ სხვა მიზეზი არსებობს?

"მანჩესტერ სიტი", "მილანი", "აიაქსი", "ჩელსი", "შალკე", "ნიუკასლი" - ყოფილა დრო, ქართველი ფეხბურთელები ამ კლუბებში გადასულან და საკმაოდ წარმატებითაც უთამაშიათ. დღეს კი საქართველოს ჩემპიონატის ბომბარდირი დანიის ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსაიდერ გუნდში გადადის, ქვეყნის ჩემპიონი გუნდის ნახევარმცველი - ლატვიის მე-6-ადგილოსან კლუბში. და რატომღაც ფეხბურთელები ამას ნორმალურად თვლიან... არა, ეს არანორმალურია!

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აზრის დაფიქსირება ფეხბურთში ჩახედულ რამდენიმე პიროვნებას ვთხოვეთ, დასკვნა კი ასეთია: კარგ კლუბებში ვერმოხვედრა არა იმდენად აგენტების, რამდენადაც თავად ფეხბურთელების ბრალია. დღეს ქართველი ფეხბურთელი ევროპულ ბაზარზე ნაკლებად მოთხოვნადია!

ზოგადად, დღეს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის წარმომადგენლისთვის ევროპაში წარმატებული კარიერის აწყობა ძალზე რთულია. მაგალითად, ჰოლანდიის ჩემპიონატში არაევროკავშირის ქვეყნის წარმომადგენელს მინიმალური წლიური ხელფასი ოფიციალურად 540 000 ევრო (21 წლამდე 270 000) უნდა ჰქონდეს, ბელგიაში - შედარებით ნაკლები და ა.შ. შესაბამისად, ევროპული კლუბები თავს იკავებენ ქართველი ფეხბურთელის შეძენისგან, თუ ის მართლა გამორჩეული არაა და ბევრად არ სჯობს იმ "ევროკავშირელ" ფეხბურთელს, ვის აყვანასაც შედარებით მცირე ხელფასითაც შეძლებენ.

კიდევ ერთი პრობლემა ფიფას რეიტინგში საქართველოს ეროვნული ნაკრების პოზიციაა. ცნობილი ამბავია, რომ ამ მიზეზით გიორგი ლორია ლონდონის "ჩელსიში" ვერ გადავიდა, რადგან ინგლისის პრემიერლიგის კარი პრაქტიკულად დახურულია იმ ფეხბურთელისთვის, რომლის ნაკრებიც რეიტინგში 70-ე საფეხურის ქვემოთაა.

ასეა თუ ისე, მთავარი პრობლემა მაინც დღევანდელი ქართველი ფეხბურთელია, რომელიც დონით ახლოსაც ვერ მივა მათთან, ვინც ოდესღაც "სიტის" და "მილანის" მაისურით თამაშობდა. გიორგი აბურჯანიას გარდა ("ანორთოსისიდან" "სევილიაში"), ბოლო წლებში ნამდვილად არ გვახსენდება ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც კვიპროსის, აზერბაიჯანის, უკრაინის, თურქეთის, რუსეთის ჩემპიონატები კარიერაში ტრამპლინად გამოიყენა. არადა, პირველი, რასაც ტრანსფერის "გასამართლებლად" ინტერვიუში ამბობენ ხოლმე, სწორედ უკეთეს ლიგასა და კლუბში მოხვედრის მიზანია.

თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებსაც ბედმა გაუღიმა და კარგი ევროპული კარიერის აწყობის შანსი მაინც მიეცა, მაგრამ ქართულმა ხასიათმა, რომელზეც ბევრი თქმულა და დაწერილა, "თავისი გაიტანა". რა თქმა უნდა, აქ უპირველესად საუბარი თორნიკე ოქრიაშვილზეა, რომელსაც თავისი მონაცემების წყალობით, ბელგიის ჩემპიონატის "გენკის" ტრამპლინად გადაქცევა ნამდვილად შეეძლო. ასევე საუბარია გიორგი ჭანტურიაზე, რომელმაც "ბარსელონას" აკადემიიდან, სადაც მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და კონტრაქტსაც უხანგრძლივებდნენ, არნემის "ვიტესს" მიაშურა. ვინ იცის, 1-2 სეზონი რომ დაეცადა, გიორგის სახით ევროპულ ფეხბურთში ნამდვილი ვარსკვლავი გვყოლოდა, თუმცა...

ხასიათთან ერთად, ჩვენებურების პრობლემა ფიზიკური მონაცემებიცაა - მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც მადრიდის "ატლეტიკოში" სინჯებზე მყოფ ქართველებს ჯანი დაიწუნეს...

რა თქმა უნდა, ყველაფერს
მხოლოდ ფეხბურთელებსაც ვერ დავაბრალებთ... აგენტების
როლი ფეხბურთელის წარმატებაში საკმაოდ დიდია და ამას თავადაც ამბობენ. სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ ჩვენი აგენტების დიდ ნაწილს რუსეთს იქით კავშირები არ აქვს. სინამდვილეა ისიც, რომ ხშირ შემთხვევებში ისინი ფეხბურთელს, ევროპული არჩევანის გაკეთების ნაცვლად, მისთვის ფინანსურად უფრო მომხიბვლელ რუსულ, უკრაინულ თუ თურქულ კლუბებში დარჩენას ურჩევენ...

იშვიათი არც სტატიის თავში ნახსენები "გადაგდება", "შავი ფული" და ა.შ. მიზეზებია... ერთი სიტყვით, თავის საქმეში ვერც აგენტთა უმეტესობა ბრწყინავს.

აგენტი თუ ფეხბურთელი? ვისი ბრალია, რომ ქართველი კარგ ევროპულ კლუბში ვეღარ ხვდება

საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება თორნიკე ოქრიაშვილის აგენტს, მამე ამიროვსაც ვთხოვეთ, რომლის თქმითაც, ფეხბურთელის წარმატებული ტრანსფერი მასსა და აგენტზე თანაბრადაა დამოკიდებული.

"ამ შემთხვევაში, ფეხბურთელისა და აგენტის როლი 50/50-ზეა. ზოგადად კი, ჩვენი პროფესია ბევრს იოლი ჰგონია, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არ არის. თუმცა, როგორც სხვა სფეროებში დასაქმებული ადამიანები, საფეხბურთო აგენტებიც ორ ნაწილად ვიყოფით: არიან კარგები და არიან შედარებით სუსტებიც. იგივე ითქმის ფეხბურთელებზეც...

გეთანხმებით, დღეს ქართველ ფეხბურთელებზე ევროპული კლუბებიდან მოთხოვნა ნაკლებად იმ მიზეზის გამოა, რომ ფეხბურთელთა დიდი ნაწილი იქაურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. მაგრამ ეს გამოსწორდება - ქართველები კვლავ ითამაშებენ ევროპის ძლიერ კლუბებში. ეს ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ მჯერა, გარკვეული ხნის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს ევროპიდან კვლავ არაერთი კარგი შემოთავაზება ექნებათ.

ახლა მთავარია, ეროვნული ჩემპიონატი გაძლიერდეს, მის გარეშე არაფერი გამოვა. ეს ჩემი აზრია და, შესაძლოა, ახალს არაფერს ვამბობდე, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საჭიროა.

რთული ხასიათი? ესეც ჩვეულებრივი ამბავია - სანამ გარკვეულ სიმაღლეს მიაღწევ, შეცდომას უშვებ, რაზეც სწავლობ, იზრდები... დამიჯერეთ, ქართველ ფეხბურთელს სხვა ეროვნების წარმომადგენლისგან განსხვავებული ხასიათი ნამდვილად არ აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, გულშემატკივარმა მხარი უნდა დაუჭიროს ფეხბურთელებს და დანარჩენს კი დრო მოიტანს...", - გვითხრა ამიროვმა.

ვიქონიოთ იმედი, რომ ჩვენი ფეხბურთელები ევროპული ბაზრისთვის კვლავ მიმზიდველნი გახდებიან. ოღონდ საქმეს მხოლოდ იმედი არ შველის...скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 9-02-2017, 03:52
FaceBook Twitter Google
loading...
loading...

კომენტარის დამატება

    loading...
loading...