ეკო ფანგანმა სადედამთილოს გარდაცვალების გამო გათხოვება გადაიფიქრა

image
loading...
მომხიბვლელი ტელეწამყვანის, ეკო ფანგანის ცხოვრებაში არაერთხელ ყოფილა მომენტი, ოჯახის შექმნაზე რომ უფიქრია, მაგრამ ბოლო წუთს უარი უთქვამს. მას სწამს მონათესავე სულების არსებობის და მიაჩნია, რომ ყველა ადამიანს ჰყავს თავისი მეორე ნახევარი, იპოვის მას თუ არა. როგორია შეყვარებული ეკო, რა სიგიჟეები შეიძლება, ჩაიდინოს საყვარელი ადამიანისთვის, აქვს თუ არა მას ქალური ხრიკები მამაკაცთან ურთიერთობაში, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ეკო ფანგანი: ოჯახის შექმნა სამჯერ გადავწყვიტე. ერთხელ ქორწილი უნდა გვქონოდა და იმ ბიჭს დედა გარდაეცვალა. მეც ვიფიქრე, ვიფიქრე და პირდაპირ ბოლო მომენტში გადავიფიქრე. ზოგისთვის რომ მიუღებელია დედამთლი და მამამთილი, მე პირიქით ვარ. ხომ გითხარი, იმ ბიჭს დედა გარდაეცვალა და აღარაფერი მინდოდა, ძლივს გადავიტანე. თუ დარწმუნებული არ ხარ, არ უნდა გადადგა ეს ნაბიჯი. დასაწყისში ვნებაა, მერე ასე მხოლოდ ვნებით, ოცდაათი წელი ვერ იქნები. ხშირად ვნებასა და სიყვარულს ერთმანეთში ურევენ, თუმცა აუცილებელი შემადგენელია, მაგრამ სიყვარული მხოლოდ ეგ არ არის. ბევრი რამის ერთობლიობაა. ბევრი საერთო უნდა ჰქონდეს ორ ადამიანს – ერთნაირი ინტერესები, მიზნები. თორემ, მერე ბევრი იმედგაცრუებაა. როდესაც ურთიერთობა მთავრდება, რაღაც დროის გასვლის მერე ხვდები, ვინ ვინ იყო შენს ცხოვრებაში. შეიძლება ძალიან ცეცხლოვანი ურთიერთობა იყოს, ემოციების ვნებათაღელვა, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ არავინ ყოფილა ის შენთვის.
– შენი ყოფილი შეყვარებულის, ბექა ჩხაიძის მშობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს ახლა?
– ბექას მშობლებთან ადრეც და ახლაც ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ბუნებრივია, მაშინ უფრო მეტად, მაგრამ ახლაც ძალიან მიყვარს ყველა, მხოლოდ მშობლები არა, მთელი სანათესაო. ყველანი საუკეთესოს იმსახურებენ და ვუსურვებ კიდეც მთელი გულით.
– როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომ შენ შეგიყვარდეს?
– აბა, ვიცი? რაც მითქვამს, ყველა მხრიდან გადამიხვევია ხოლმე. როგორი უნდა იყოს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ყველას ჰყავს იდეალი და ბოლოს გვიყვარდება ის, ვინც ცდილობს, თავი შეგვაყვაროს. როგორი უნდა იყოს მამაკაცი, ვისთან ერთადაც მომინდება დარჩენა და ცხოვრება – აი, ეს არის მთავარი საკითხავი. ვიღაც რომ გიყვარს, ეს კარგია, მაგრამ ის, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, მასთან ყოფნა გინდოდეს, ცოტა რთული საკითხია. სულ უნდა ცდილობდეს, რომ მოგეწონოს რაღაცით, გასიამოვნოს, თორემ უცებ შეიძლება, ნებისმიერი შეგიყვარდეს. ქალებსაც ვურჩევ, არ მოდუნდნენ. სულ უნდა იწვევდე ადამიანში აღფრთოვანებას, დადებით ემოციებს. ეს მნიშვნელოვანია. როდესაც დადებითს გასცემ, მერე შენც აუცილებლად იღებ – შეიძლება, იმ მომენტში არა, მაგრამ ჩვენი ყველა საქციელი მატერიალიზდება. ოტია იოსელიანს აქვს კარგად ნათქვამი: - „ვინც იბადება, იმის ცალიც იბადება სადღაც, მაგრამ შეიძლება, ვერ შეხვდეს“. მე ვიზიარებ რეინკარნაციის თეორიას და არა როგორც რელიგიას, არამედ როგორც მითოლოგიას, ისე ვუდგები. მჯერა, ადამიანი რომ გარდაიცვლება, მისი თითებიდან ამოდიან სულები და იბადებიან დროისა და სივრცის სხვადასხვა მონაკვეთებში. ერთი ხელიდან დაბადებულები კი არიან ერთმანეთისთვის შექმნილნი და თუ დაემთხვა, რომ ოდესმე ერთმანეთს შეხვდნენ, რაც შეიძლება ათწლეულებისა და ასწლეულების განმავლობაში ერთხელ – აი, ეს არის ბედნიერება. ისინი დანახვისთანავე ერთმანეთს ცნობენ. ზოგი ზუსტად ცნობს თავის მეორე ნახევარს და უთქვამთ – დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ ის იყოო.
– როგორია შეყვარებული ეკო – სიყვარულისთვის რაღაც სიგიჟეები თუ ჩაგიდენია?
– ძალიან კარგი ვარ, თბილი, ტკბილი, საყვარელი. ყველაზე მეტად მიყვარს საჩუქრების მიძღვნა, არა მხოლოდ შეყვარებულისთვის, არამედ ყველა ახლობლისთვის. საკმარისია, პატარა მიზეზი, რაღაც დღესასწაული და სულ ვემზადები იმისთვის, რომ საჩუქრები დავარიგო – ეს ძალიან მომწონს. თბილი ვარ, მაგრამ რბილიც – არა, ცოტა მომთხოვნი ვარ. ბევრს გავცემ და შესაბამისად, იმდენივეს ვითხოვ. მე იმდენს გავცემ, ზოგისთვის ძალიან ბევრია. შეიძლება, ვიღაც გიყვარდეს, მაგრამ ის ადამიანი სიგიჟეების განწყობას არ გიქმნიდეს, თორემ რატომაც არა. ეჭვიანი ვარ, თუმცა დოზირებულად. არ მესმის ფრაზის „მე არ ვეჭვიანობ“. არავინ არასდროს დაბადებულა ეჭვიანად. თუ არასდროს უეჭვიანია, გონებრივი პრობლემები აქვს ან არ აინტერესებს ის ადამიანი, ვინც მის გვერდითაა. სხვაგვარად არ შეიძლება. ხანგრძლივი სერიოზული ურთიერთობა ეჭვიანობის გარეშე არ ხდება, მაგრამ უნდა იყოს დოზირებულად.
– თაყვანისმცემლებისგან საჩუქრებით განებივრებული იქნები...
– ერთმა თაყვანისმცემელმა ადრე ცხენი მაჩუქა. ძალიან კარგი იყო, გაგვიხარდა მე და ჩემს მეგობრებს, მაგრამ რა? ამის მაგივრად, შეიძლება, ყვავილი გამხარებოდა. გააჩნია, ვინ გაჩუქებს. არ მიხარია საჩუქარი მისი განსაკუთრებულობითა და ორიგინალურობით. ჩემთვის სასიამოვნოა და მიხარია იმის მიხედვით, თუ ვინ მაჩუქებს, ბევრი რამ არ ამიღია, იმიტომ კი არა, რომ თავს ვიფასებ. უბრალოდ, როცა ადამიანთან ურთიერთობა არ მინდა, არც მისი საჩუქარი მინდა, მერე წამოგაძახებს აუცილებლად: ის კარგი იყოო. შეიძლება, ნორმალური იყოს და არც გითხრას, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ არ ღირს, „დახამდე” რაღაც საჩუქრებს.
– სილამაზის ხრიკებს ასწავლი ქალებს, მამაკაცთან ურთიერთობაში თუ გაქვს ქალური ხრიკები?
– არ მესმის ქალურ ხრიკებზე რომ ლაპარაკობენ, რაში ადგებათ მერე? ყველას უნდა, რომ საბედისწერო ქალი იყოს, სინამდვილეში, არც არაფერი აქვთ. ერთადერთი, რაც შეიძლება, არა მხოლოდ მამაკაცთან, სხვა ყველასთან მიმართებაში, შეიძლება, გაითვალისწინო ის, თუ ადამიანი გაღიზიანებული და დაძაბულია, უფრო ემოციურად აღიქვამს მოვლენებს, ამ დროს შენც უნდა გაუგო და თვალები დახუჭო. ერთადერთი, რასაც საკუთარ თავს ხშირად ვეუბნები, არის ის, რომ უნდა გავაკონტროლოთ ჩვენი საქციელი, ემოცია და ენა. ეს ნორმა უნდა იყოს და სხვაგვარად შეუძლებელია.
– ხშირად მოგზაურობ?
– ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნაყოფი. ევროპის ქვეყნებიდან ყველაზე მეტად იტალია მიყვარს. იქ ვსწავლობდი და განსაკუთრებული მოგონებები და ემოციები მაკავშირებს. როცა დიდი ხანია, ცხოვრობ და კარგად იცნობ ქვეყანას, ის უკვე შენი ხდება. ძალიან მიყვარს აზიის ქვეყნები. თუმცა, ინდოეთში არ ვარ ნამყოფი და ძალიან მინდა. მომწონს მათი კულტურა, მათთვის ძროხა წმინდა ცხოველია. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ძროხები, ხარები, ბოჩოლები. ქალაქგარეთ სადმე რომ ვხედავ, სულ ვეფერები, ვკოცნი. ზოგი გარბის და ვერ ვხვდები, რატომ გარბიან. მოწველა არ მიცდია, მაგრამ ყველაფერი გამომდის და ალბათ, ესეც გამომივა.
– გენდერულ ბალანსზე რა აზრის ხარ?
– თუ თანასწორები ვიქნებით, უფლებებს ვგულისხმობ, ეს ყველას უნდა. ჩემთვის სრულიად მიუღებელია – კაცი ბატონი და ქალი მონა. ყველა ასე ფიქრობს, მაგრამ სხვანაირად ცხოვრობენ. მინდა, თანასწორობა იყოს, როგორც სახლში, ასევე გარეთ. დანარჩენი – ის რომ ყვავილები უნდა აჩუქო ქალს, ეს ელემენტარულია. მე ვიგონებ დღესასწაულებს – ახალი წელი, შობა, აღდგომა, მისი დაბადების დღე, ბარბარობა, ვემზადები და მინდა, ამ დღეებში ის ადამიანი გავახარო. ბევრი ქალი ამბობს, რა მოხდა მერე, თუ კაცმა „გაიგულავა“... ქალების ბრალია ყველაფერი. კაცებს ვერ დავადანაშაულებ. თუ კაცს ეპატიება, ქალს რატომ არ ეპატიება? – ეს არ მესმის. „არ გაპატიებ“ და ასეთები – სისულელეა. მე არ ვამბობ, ვინმემ უნდა აპატიოს თუ არა – ეს ადამიანზეა დამოკიდებული, უღირს მისი დაკარგვა თუ არა. ამ დროს, რაც ნაკლებ სკანდალს მოაწყობენ, უკეთესია. მთელი საქართველო გაიგებს და მერე რიგდებიან.
– რამდენად მოულოდნელი იყო „იმედზე“ თქვენს გადაცემაში მომხდარი რეორგანიზაცია და შენ როგორ ეგუები ამ ცვლილებებს?
– რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს არხის რეორგანიზაციაზე საუბარი და ასეც მოხდა. ვიცოდით უკვე, შემდეგ პროექტსაც გავეცანით, ნელ-ნელა დაიწყო ამ ყველაფერმა დახვეწა, ბოლოს ორი-სამი გადაცემა არ გავიდა. შეიცვალა მთლიანად ფორმატი, გადაცემას გადაერქვა სახელი და ახლა ჰქვია „იმედის დღე“, სტუდია გახდა პოლიტიკურ-საზოგადოებრივ-სოციალური. ვფიქრობ, ჩვენი სტუდია ერთ-ერთი საუკეთესო სტუდიაა. იქნება უფრო მაღალი ხარისხი, უფრო ბევრი საინტერესო სიუჟეტი თუ რუბრიკა. მოკლედ, ჩვენი გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს და ზრუნავს თქვენზე. ჩემთვის არაფერი შეცვლილა და გამომდინარე აქედან, შეგუების პრობლემა არ მაქვს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ გადაცემაში აღარ არიან ჩემი უძვირფასესი კოლეგები, მეგობრები, ადამიანები და პროფესიონალები. მათ გარეშე მე ვერ წარმომედგინა ჩვენი ეთერი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ წინ ბევრად დიდი და საინტერესო საქმეები ელით. წარმატებები მათ და წარმატებები ჩვენც, რაც ყველას ასე ძალიან გვჭირდება. მოკლედ, „იმედის დღე“ დიდ ფოიერვერკებს გპირდებათ.
ხათუნა კორთხონჯია
скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 14-05-2017, 16:42
FaceBook Twitter Google
loading...
loading...

კომენტარის დამატება

    loading...
loading...